სიახლეები

ნიუ-იორკელობის ფარული პრივილეგია: ქალაქის მუზეუმები უფასოდ ან ნახევარ ფასად

ნიუ-იორკელობის ფარული პრივილეგია: ქალაქის მუზეუმები უფასოდ ან ნახევარ ფასად

ნიუ-იორკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია კულტურული თვალსაზრისით - მეტროპოლიტენის მუზეუმი, MoMA, გუგენჰაიმი, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმი, ინტრეპიდ მუზეუმი და სხვა - თუ ქალაქის რეზიდენტი ხართ (ან უბრალოდ იცით, სად და როდის უნდა მიხვიდეთ), შეგიძლიათ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად იაფად ან უსასყიდლოდ მოინახულოთ.

ნიუ-იორკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია კულტურული თვალსაზრისით - მეტროპოლიტენის მუზეუმი, MoMA, გუგენჰაიმი, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმი, ინტრეპიდ მუზეუმი და სხვა - თითოეული მათგანი მსოფლიო დონის კოლექციას ინახავს, იქნება ეს ხელოვნება, ისტორია, სამხედრო სფერო, თუ სხვა. მაგრამ ერთი პრობლემაა: ბილეთები ძვირია, ხშირად 30-40 დოლარზე მეტი. კარგი ამბავი ისაა, რომ თუ ქალაქის რეზიდენტი ხართ (ან უბრალოდ იცით, სად და როდის უნდა მიხვიდეთ), შეგიძლიათ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად იაფად ან უსასყიდლოდ მოინახულოთ.

IDNYC ბარათი, მისამართიანი მართვის მოწმობა, ან პერმიტი - რეზიდენტების ფარული ხაზინა

ნიუ-იორკის ნებისმიერი მკვიდრი, ასაკის, საცხოვრებელი სტატუსისა თუ  შემოსავლის მიუხედავად, უფასოდ იღებს IDNYC ბარათს - ქალაქის ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს. თავად ბარათის მიღება უკვე სასარგებლოა, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ბონუსი სწორედ მუზეუმებთან თანამშრომლობაა. ბარათის მფლობელები იღებენ უფასო ერთწლიან წევრობას ან მნიშვნელოვან ფასდაკლებებს ქალაქის ათეულობით პრესტიჟულ ინსტიტუციაში.

სიაში ნახავთ ისეთ გახმაურებულ სახელებს, როგორებიცაა მეტროპოლიტენის სამხატვრო მუზეუმი, MoMA და MoMA PS1, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმი, ბრუკლინის ბავშვთა მუზეუმი, ბრონქსის, სტეიტენ აილენდის და ცენტრალური პარკის ზოოპარკები, ნიუ-იორკის აკვარიუმი, კარნეგი ჰოლი, ლინკოლნის ცენტრი, ნიუ-იორკის ბალეტი და კიდევ ბევრი სხვა.

მაგალითად, მეტროპოლიტენის მუზეუმში 18 წელს გადაცილებულ IDNYC მფლობელებს ეძლევათ სრულიად უფასო ერთწლიანი წევრობა როგორც მთავარ შენობაში (მეტი მეხუთე ავენიუზე), ისე კლოისტერსში. MoMA-ში ბარათის მფლობელები იღებენ პრიორიტეტულ, უფასო შესვლის შესაძლებლობას მთელი წლის განმავლობაში MoMA-სა და MoMA PS1-ში, დამატებით კი - ხუთ სტუმარზე მხოლოდ 5 დოლარიან ბილეთს ერთ ვიზიტზე. მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ: თუ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკვე გქონდათ ფასიანი ან უფასო წევრობა კონკრეტულ მუზეუმში, ხელახლა ამ შეთავაზებით სარგებლობის უფლება აღარ გაქვთ.

IDNYC ბარათით უამრავი მუზეუმის წევრობას შეძლებთ. მაგალითად:

  • New-York Historical Society - უფასო წევრობა ერთი წლით;

  • Museum of the City of New York - უფასო წევრობა;

  • MoMA PS1 - უფასო წევრობა;

  • Staten Island Museum - უფასო წევრობა;

  • Snug Harbor Cultural Center & Botanical Garden - უფასო წევრობა.

წევრობა მხოლოდ უფასო შესვლას არ ნიშნავს და ხშირ შემთხვევაში მოიცავს მოწვევებს დახურულ ღონისძიებებზე, ფასდაკლებებს მუზეუმის მაღაზიებსა და კაფეებში, ასევე შესაძლებლობას, რომ წლის განმავლობაში რამდენჯერმე ესტუმროთ დამატებითი გადასახადის გარეშე.

თუმცა, თუ IDNYC ბარათს არ ფლობთ, არც ესაა პრობლემა - საკმარისია, მუზეუმში შესვლისას თქვენი მართვის მოწმობა, ან პერმიტი წარადგინოთ, რომელზეც ნიუ იორკის მისამართია დატანილი, და შეძლებთ, პასი 50%-იანი, ან უფრო მაღალი ფასდაკლებით შეიძინოთ. ამ შეთავაზებებით ისარგებლებთ თითქმის ყველა მუზეუმში, გარდა კერძო კომპანიების გამოფენებისა.

"Pay-what-you-wish" და ფასდაკლების საათები, რომლებზეც ცოტამ იცის

რეზიდენტობის გარდა, თითქმის ყველა დიდ მუზეუმს აქვს საკუთარი „pay-what-you-wish" (გადაიხადეთ, რამდენიც გსურთ) პოლიტიკა ან სრულიად უფასო საათები - უბრალოდ სწორ დროს უნდა მიხვიდეთ.

მაგალითად, American Museum of Natural History-ში ნიუ-იორკის შტატის რეზიდენტებსა და NY, NJ და CT-ის სტუდენტებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, რამდენის გადახდა სურთ ძირითად ექსპოზიციაში შესასვლელად. ეს ნიშნავს, რომ თუ დღეს სრული ბილეთის შეძენა არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ, გადაიხადოთ გაცილებით ნაკლები თანხაც - თუნდაც $1.

ანალოგიურად, Brooklyn Museum ყოველთვიურად ატარებს პოპულარულ Free First Saturdays ღონისძიებას. საღამოს საათებში მუზეუმში შესვლა უფასოა, ხოლო სტუმრებს გამოფენებთან ერთად ელოდებათ ცოცხალი მუსიკა, ხელოვნების ვორქშოფები, ფილმების ჩვენებები და ოჯახური აქტივობები.

გუგენჰაიმის მუზეუმში ორშაბათობითა და შაბათობით 16:00-დან 17:30-მდე შესვლისას თავად განსაზღვრავთ გადასახადს (მინიმუმ მხოლოდ 1 დოლარია). უიტნის მუზეუმში ყოველ პარასკევს საღამოს 17:00-დან 22:00-მდე შესვლა სრულიად უფასოა, ხოლო 25 წლამდე ვიზიტორებისთვის - ყოველთვის. მეტროპოლიტენის მუზეუმში ნიუ-იორკის შტატის რეზიდენტებს (არა მხოლოდ ქალაქის) შეუძლიათ გადაიხადონ სასურველი თანხა - საკმარისია მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგალითად მართვის მოწმობა ან კომუნალური გადასახადის ქვითარი.

განსაკუთრებით საინტერესოა MoMA-ს შემთხვევა: ყოველი თვის პირველ პარასკევს, საღამოს 17:30-დან 20:30-მდე, ნიუ-იორკის ყველა რეზიდენტს შეუძლია მუზეუმში სრულიად უფასოდ შესვლა - საკმარისია წინასწარ ონლაინ დაჯავშნა. მორგანის ბიბლიოთეკაში ეს პარასკევობით, 17:00-დან 20:00-მდე ხდება, ასევე წინასწარი ჯავშნით.

Whitney Museum of American Art ხშირად ატარებს უფასო საღამოებს გარკვეულ დღეებში, როდესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანამედროვე ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია სრულიად უფასოდ დაათვალიეროს.

თუ ისტორია უფრო გიზიდავთ, New-York Historical Society რეგულარულად სთავაზობს შეღავათებს რეზიდენტებსა და წევრებს.

ხოლო მეცნიერების მოყვარულებისთვის ბუნების ისტორიის მუზეუმი დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, სადაც დინოზავრების ჩონჩხებიდან კოსმოსურ ექსპოზიციამდე ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

ისეთი მუზეუმები, როგორებიცაა ბრონქსის მუზეუმი, ეროვნული ინდიელთა მუზეუმი და ესპანური საზოგადოების მუზეუმი, კი საერთოდ ყოველთვის უფასოა - არანაირი განსაკუთრებული პირობა არ სჭირდება.

სანამ რომელიმე მუზეუმის ბილეთს სრულ ფასად შეიძენთ, აუცილებლად გადაამოწმეთ:

  • მოქმედებს თუ არა რეზიდენტებისთვის სპეციალური ფასი;

  • აქვს თუ არა მუზეუმს უფასო დღე ან საღამო;

  • მონაწილეობს თუ არა IDNYC-ის პროგრამაში;

  • საჭიროა თუ არა წინასწარი ონლაინ დაჯავშნა.

ხშირად მხოლოდ რამდენიმე წუთით ინფორმაციის გადამოწმება 20, 50 ან თუნდაც 100 დოლარის დაზოგვის საშუალებას გაძლევთ.

ნიუ-იორკში ცხოვრება ძვირია, და კულტურული ცხოვრება ხშირად ერთ-ერთი პირველი რამაა, რასაც ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით თმობენ. სინამდვილეში კი ქალაქმა და თავად ინსტიტუტებმა უკვე შექმნეს სისტემა, რომელიც სწორედ ამის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად - უბრალოდ ცოტამ თუ იცის მისი არსებობის შესახებ. IDNYC ბარათის აღებით, ან სხვა ID ბარათის გამოყენებითა და მუზეუმების ფასდაკლების საათების ცოდნით შეიძლება, წლის განმავლობაში ასეულობით დოლარის დაზოგოთ.

ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ამ კულტურის გაცნობა მხოლოდ ტურისტებისთვის არ არის - ქალაქი საკუთარ რეზიდენტებსაც აძლევს შესაძლებლობას, ხელოვნება, მეცნიერება და ისტორია გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად, ზოგჯერ კი სრულიად უფასოდ აღმოაჩინონ.

IDNYC-ის სრული ბენეფიტების სანახავად გადადით ბმულზე: https://www.nyc.gov/site/idnyc/benefits/museums-and-cultural-institutions.page

Pay-What-You-Wish, ფასდაკლებული, ან უფასო მუზეუმების ნაწილის სანახავად გადადით ამ ბმულზე: https://www.nycforfree.co/free-museums