სიახლეები

ICE-ს სასამართლოში ადამიანების დაკავება აეკრძალა - ახლა რა მოხდება?

რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება იმიგრანტებისთვის? შეუძლია თუ არა ICE-ს კვლავ დააკავოს იმიგრანტები სასამართლოებში? რა შეიცვალა და რა არა? - წაიკითხეთ ჩვენი დეტალური სტატია და გაიგეთ, რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება და როგორ შეიძლება აისახოს ის ათასობით იმიგრანტის ცხოვრებაზე.

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, პ. ქეისი პიტსმა (P. Casey Pitts) ქვეყნის მასშტაბით გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ICE-ს საიმიგრაციო სასამართლოებთან და სასამართლოებში ადამიანების დაკავების საშუალებას აძლევდა.

მაგრამ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება რეალურად? რა შეიცვალა, რა დარჩა უცვლელი და რატომ იქცა ეს საქმე მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრად? ქვემოთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს შემოგთავაზებთ.

რა მოხდა?

2026 წლის 23 ივნისს კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურმა მოსამართლემ, პ. ქეისი პიტსმა (P. Casey Pitts), გააუქმა ICE-ისა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 2025 წელს მიღებული ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკა.


პირველი მათგანი ICE-ს საიმიგრაციო სასამართლოებთან და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებების მნიშვნელოვნად გაფართოებულ უფლებამოსილებას ანიჭებდა, ხოლო მეორე სააგენტოს საშუალებას აძლევდა, ადამიანები მოკლევადიანი დაკავების დაწესებულებებში გაცილებით დიდხანს დაეტოვებინა, ვიდრე ეს მანამდე იყო დაშვებული.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ამ მომენტში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ICE-ის ზემოთ აღნიშნულ უფლებამოსილებას ვეღარ გამოიყენებს, თუ მოსამართლე პიტსის გადაწყვეტილებას უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლო არ შეცვლის.

რატომ დაბლოკა მოსამართლემ ძველი გადაწყვეტილება?

სასამართლოს მთავარი დასკვნა იყო ის, რომ მთავრობას ICE-ის ეს ახალი პოლიტიკა კანონის მოთხოვნების დაცვით არ მიუღია. საქმე საერთოდ არ ეხებოდა იმას, აქვს თუ არა ICE-ს ადამიანების დაკავების უფლება.

სასამართლოს არ უთქვამს, თითქოს ICE-ს საიმიგრაციო კანონების აღსრულების, ან ადამიანების დაკავების უფლებამოსილება აღარ აქვს. საქმის მთავარი არსი სხვა იყო.

მოსამართლე პიტსმა დაადგინა, რომ მთავრობამ ახალი პოლიტიკის მიღებისას ფედერალური ადმინისტრაციული სამართლის მოთხოვნები დაარღვია. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციამ ვერ განმარტა, რატომ გააუქმა წლების განმავლობაში მოქმედი შეზღუდვები და რატომ გადაწყვიტა სასამართლოებთან დაკავებების მნიშვნელოვნად გაფართოება.

კერძოდ, აშშ-ის ადმინისტრაციული პროცედურების აქტის (Administrative Procedure Act - APA) თანახმად, ფედერალური სააგენტოები ვალდებულნი არიან, მნიშვნელოვანი პოლიტიკის შეცვლისას საზოგადოებასა და სასამართლოს აუხსნან:

  • რატომ არის ცვლილება აუცილებელი;

  • რა შედეგებს მოიტანს;

  • და რა გავლენას მოახდენს ის საზოგადოებაზე.

სასამართლოს შეფასებით, ICE-მა ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, პიტსმა კი ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება შემდეგი სიტყვებით შეაფასა - “Arbitrary and Capricious” - პირადირი თარგმანით “თვითნებური და დაუსაბუთებელი”, ხოლო სამართლებრივად ტერმინი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ორგანო სათანადოდ ვერ ასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებას.

როგორი იყო ძველი პოლიტიკა?

წლების განმავლობაში ICE სასამართლოებთან ადამიანებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აკავებდა. მაგალითად, როდესაც საქმე ეხებოდა:

  • ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს;

  • ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებს;

  • ბანდებთან, კრიმინალურ დაჯგუფებებთან, ან ქსელთან კავშირს;

  • მძიმე კრიმინალურ წარსულს;

  • ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებსა თუ მნიშვნელოვან საფრთხეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.

2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. მათი თქმით, მიზანი ის იყო, ადამიანებს სასამართლოში გამოცხადების არ შეშინებოდათ და სასამართლო სისტემას შეუფერხებლად ეფუნქციონირა.

რა შეცვალა ტრამპის ადმინისტრაციამ?

2025 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ICE-ის სამუშაო პროცესის ეს შემზღუდველი ნორმები პრაქტიკულად გააუქმა. ICE-ს მიეცა უფლება, სასამართლოსთან დაეკავებინა ნებისმიერი პირი, თუ არსებობდა სარწმუნო ინფორმაცია, რომ ის კონკრეტულ დღეს სასამართლოში გამოცხადდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა ყველა სასამართლოს ეხებოდა, პრაქტიკაში ის ყველაზე ხშირად სწორედ საიმიგრაციო სასამართლოებში გამოიყენებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საიმიგრაციო საქმეზე კანონიერად მიდიოდნენ სასამართლოში, სხდომის დასრულებისთანავე ხშირად ICE-ის გარეთ მომლოდინე თანამშრომლები აკავებდნენ.

რატომ გახდა ეს პოლიტიკა ასეთი სადავო?

ქვეყნის მასშტაბით საიმიგრაციო ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათი კლიენტები სასამართლოში გამოცხადებას სულ უფრო მეტად ერიდებოდნენ. ზოგი საერთოდ აღარ ცხადდებოდა სხდომებზე, რადგან ფიქრობდა, რომ სასამართლოსთან ICE დახვდებოდა და აუცილებლად დააკავებდნენ.

არმისვლის გადაწყვეტილება არცერთი ემიგრანტისთვის არ იყო მარტივი, რადგან სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, ძირითადად, დაუსწრებლობის გამო  გამოტანილი დეპორტაციის ბრძანებით (In Absentia Removal Order) სრულდება.

სასამართლომ ამ მოვლენას „გამყინავი, მსუსხავი ეფექტის“ (Chilling Effect) სახელით ცნობილი სამართლებრივი ტერმინი უწოდა - ეს გულისხმობს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შეზღუდვას, ან ხელის შეშლას სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი სანქციის დაწესების, ან მუქარის გზით. მარტივად - ადამიანები საკუთარი უფლებების გამოყენებასა და კანონის მოთხოვნების შესრულებაზე უარს სახელმწიფოს მიმართ არსებული შიშის გამო ამბობენ. მოსამართლე პიტსის შეფასებით, ახალი პოლიტიკის მიღებისას მთავრობამ ეს მნიშვნელოვანი გარემოება საერთოდ არ გაითვალისწინა.

რატომ მიიჩნია მოსამართლემ, რომ მთავრობა შეცდა?

მოსამართლე პიტსმა განმარტა, რომ სახელმწიფო უწყებებს პოლიტიკის შეცვლა შეუძლიათ, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან საზოგადოებას აუხსნან:

  • რატომ აღარ არის ძველი პოლიტიკა შესაბამისი;

  • რატომ არის ახალი მიდგომა აუცილებელი;

  • და რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება სასამართლო სისტემაზე.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე. 2021 წელს თავად ICE ამტკიცებდა, რომ სასამართლოებთან დაკავებები ადამიანებს სასამართლოში გამოცხადებისგან აშინებდა.

თუმცა 2025 წელს სააგენტომ საკუთარი განცხადებისგან სრულიად საპირისპირო პოლიტიკა მიიღო, თანაც ისე, რომ საერთოდ არ აუხსნია, რატომ აღარ არსებობდა ეს პრობლემა. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთში მოსამართლე წერს:

"აშკარა გახდა, რომ 2025 წლის პოლიტიკის მიღებისას ადგილი ჰქონდა არა უბრალოდ ცუდად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, არამედ საერთოდ არ უარსებია გადაწყვეტილების მიღების სათანადო პროცესს."

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ICE ვეღარავის დააკავებს?

არა.

სწორედ ეს არის ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა სოციალურ ქსელებში.

ეს გადაწყვეტილება არ კრძალავს ICE-ის მიერ ადამიანების დაკავებას. ის არ ანიჭებს იმიგრანტებს იმუნიტეტს და არც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში საიმიგრაციო კანონების აღსრულება შეჩერდა.

სასამართლომ მხოლოდ 2025 წლის კონკრეტული პოლიტიკა გააუქმა, რადგან მისი მიღება კანონის მოთხოვნების დარღვევით მოხდა. ICE-ს კვლავ აქვს ფედერალური კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები.

კიდევ რა გააუქმა სასამართლომ?

გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოებთან დაკავებებს არ შეეხო.

მოსამართლემ ასევე გააუქმა ICE-ის 2025 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადამიანების მოკლევადიან დაკავების დაწესებულებებში 12 საათის ნაცვლად 72 საათამდე ან უფრო მეტხანს დატოვება შეიძლებოდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სააგენტომ ვერც ამ ცვლილების აუცილებლობა დაასაბუთა და ვერც ის, იყო თუ არა მსგავსი პირობები შესაბამისი იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც მხოლოდ დროებითი მოთავსებისთვისაა განკუთვნილი.

გარდა ამისა, მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, საიმიგრაციო ნიშნით დაკავებულები ისეთ პირობებში არ ამყოფოს, რომლებიც სადამსჯელო ხასიათს ატარებს.

როგორ უპასუხა გადაწყვეტილებას მთავრობამ? რას ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია?

ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ სასამართლოებთან დაკავებები ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს იმ ადამიანების საპოვნელად, რომლებიც უკვე ექვემდებარებიან საიმიგრაციო აღსრულებას - ICE-ს ზუსტად იცის, სად და როდის მივა კონკრეტული ადამიანი. ასევე, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ეს პოლიტიკა ამცირებს ფართომასშტაბიანი რეიდების აუცილებლობას.

თუმცა მოსამართლე პიტსმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციამ ვერ განმარტა, როგორ ზრდის ასეთი პრაქტიკა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავიდანვე არ იყო მიჩნეული საზოგადოებისთვის საფრთხედ.

რა მოხდება ახლა?

დიდი ალბათობით, ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მსგავსი სასამართლო დავები უკვე მიმდინარეობს ნიუ-იორკში, ბალტიმორში, ჩიკაგოსა და მინესოტაში. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ქვეყნის მასშტაბით მოქმედ პოლიტიკას ეხება, იურისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ საბოლოოდ ის შესაძლოა სააპელაციო სასამართლომ ან აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც განიხილოს.

მანამდე კი ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა?

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა უცვლელია: სასამართლო სხდომა არ უნდა გამოტოვოთ.

ამ გადაწყვეტილებამ შეამცირა 2025 წლის პოლიტიკის მოქმედება, მაგრამ ის არ აუქმებს სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებას.

თუ ვინმეს აქვს რთული საიმიგრაციო საქმე, წარსულში მიღებული დეპორტაციის ბრძანება, სისხლის სამართლის ისტორია ან სხვა სამართლებრივი რისკები, გადაწყვეტილებების მიღებამდე სასურველია კვალიფიციურ საიმიგრაციო ადვოკატთან კონსულტაცია.

რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი?

ეს საქმე მხოლოდ საიმიგრაციო აღსრულებას არ ეხება.

ის ასევე ეხება სამართლის უზენაესობასა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ფედერალურ უწყებებს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას ეკისრებათ.

მოსამართლე პიტსს არ უთქვამს, რომ სასამართლოებთან დაკავებები ყოველთვის უკანონოა. მან თქვა, რომ როდესაც სახელმწიფო მრავალწლიანი პოლიტიკის შეცვლას გადაწყვეტს, ეს ცვლილება კანონის სრული დაცვით, მკაფიო დასაბუთებითა და ყველა შესაძლო შედეგის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

ბევრი საიმიგრაციო უფლებადამცველისთვის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან პრინციპს:

სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები სამართალს ეძებენ - და არა ადგილი, სადაც შიშით მიდიან.


გისურვებთ უსაფრთხო და წარმატებულ სასამართლო პროცესებს.

სტატიის ავტორი:

თათია წულაძე